გასულ თვეში ევროპის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ევროპის კავშირის ქვეყნებმა 1 ივნისს მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებას, რაც დაადასტურა ევროპის კავშირის კომისიამ და ყველა მონაწილე ქვეყანამ. ევროპის კავშირი შეუერთდა სტამბოლის კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სანამ კონვენცია ძალაში შევა, ის ჯერ უნდა გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
სტამბოლის კონვენცია წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისგან, მათ შორის - ოჯახში ძალადობისგან.
კონვენციაში გაერთიანებასთან ერთად, ევროპის კავშირი მთლიანად იკისრებს ამბიციური საერთაშორისო სტანდარტებისთვის პასუხისმგებლობას.
"ევროპა ქალების მხარესაა, რომ დაიცვას ისინი ძალადობისგან. ყველა ქალი და გოგონა იმსახურებს ცხოვრებას ძალადობის გარეშე, სამართლიანობისა და თანასწორობის დროა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. "დღეს ევროპის კავშირი ძლიერ სიგნალს აგზავნის: ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვკვეთოთ, დავგმოთ და ვებრძოლოთ ძალადობის ყველა ფორმას ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ", - დასძინა მან.
კონვენცია შედგენილია ევროპის საბჭოს მიერ 2011 წელს. ევროპის საბჭო, რომელიც არ არის ევროპის კავშირის ორგანო, მეთვალყურეობას უწევს ადამიანის უფლებების დაცვას თავის 46 წევრ ქვეყანაში. მაისში ევროპის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის კავშირის გაწევრიანებას სტამბოლის კონვენციაში.
შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა და სლოვაკეთი. თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან 2021 წელს გამოვიდა.