Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება


უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ალარ კარისი. კიევი, 2 ივნისი, 2023.
უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ალარ კარისი. კიევი, 2 ივნისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულებამდე ნატოში ვერ გაწევრიანდება.

„ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ნატოს არცერთ ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ამიტომ, გვესმის, რომ სანამ ეს ომი მიდის, ნატოს წევრები არ ვიქნებით. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია,“ განაცხადა მან კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ ბრიფინგზე.

უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ დასავლეთი ფრთხილობს გაწევრიანების ოფიციალური თარიღების დადგენას, რადგან ომი გრძელდება.

ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინა დაექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის წევრებს ავალდებულებს, დაიცვან ქვეყანა მასზე თავდასხმის შემთხვევაში.

გუშინ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე ზელენსკიმ თქვა, რომ ეჭვები, რომლებსაც ევროპელი ლიდერები ნატოში კიევის მიღებამდე გამოთქვამენ, რუსეთს უფრო მეტ ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგებს.

XS
SM
MD
LG