Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკმაყოფილო არიან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების სიძვირით


 მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო დაფა
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო დაფა

რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო. სტატიები ამის შესახებ რუსეთის მედიაში გამოქვეყნდა.

საქართველოსთან ავიამიმოსვლამ მოლოდინები არ გაამართლა, წერს "Аргументы и факты" და ამატებს, რომ თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავენ. გამოცემა ავრცელებს რუსეთის სამ ქალაქში ჩაწერილი რესპონდენტების კომენტარებს.

ალექსეი სკორიჩევი, სანქტ-პეტერბურგი: „საშინლად ძვირია. Georgian Airways-ის მოსკოვი-თბილისის რეისზე ორი გზის ბილეთები 60 ათასიდან 66 ათას რუბლამდე ღირს (730-800 დოლარი. რედ.) ჩვენი ავიაკომპანიების ფასი მხოლოდ 3 ათასი რუბლით იაფია, გიჟური თანხაა. ამ ფასად ტაილანდში ჩაფრინდები, ინდოეთის ბილეთებიც კი ორჯერ იაფია, სულ გაგიჟდნენ!“

ანასტასია ვოროტნიკოვა, მოსკოვი: „არ მესმის, რატომ გაუშვეს საქართველოსთან რეისები. ეს მიმართულება ყოველთვის ბიუჯეტური ტურისტებისთვის იყო, ხალხისთვის, ვისაც ცოტა ფული აქვს. უფრო მარტივია, ისევ სომხეთში ჩაფრინდე, 15-20 ათას რუბლად ორი გზის ბილეთით და იქიდან წახვიდე თბილისში სამარშრუტო ტაქსით. ჯობდა, შეზღუდვა დარჩენილიყო“.

ვლადიმირ ხრამოვი, ტიუმენი: „გაოგნებული ვარ, პროპაგანდასაც რომ ეწევიან - ამბობენ თბილისის გავლით ევროპაში იფრინეთო, ღიად მოგებაზე მუშაობენ. დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია. საქართველოში გიჟური ფასებია“.

Интерфакс-Туризм-ი ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ტურებსა და ზღვაზე დასვენებაზე მოთხოვნა არის, მაგრამ გაყიდვები იშვიათია.

ტურისტები ავიაბილეთებში მაღალი ფასის გადასახდელად მზად არ არიან და ფასების დაწევას ელოდებიან. ამდენად, ჯერ ადრეა საუბარი კოვიდამდელი გაყიდვების მაჩვენებლის აღდგენაზე. გარდა ამისა, უხერხულობას უქმნით საქართველოში ზოგი აქტივისტის მოქმედებები. ამგვარ ვითარებაში უმრავლესობას სხვა უფრო პროგნოზირებადი მიმართულებები ურჩევნია“, - განუმარტეს გამოცემას ტურისტულ კომპანია Интурист-ში.

უფრო ადრე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმაც აღნიშნა, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო საქართველოში მოგზაურობაზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რეისების დამატება რუსეთიდან მასობრივი ტურისტული ნაკადის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. ბილეთების ფასი ამ რეისებზეც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზის და პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთები 1200 დოლარი ღირს. 15 ივნისიდან ავიაკომპანია სალონიკის მიმართულებით, 5 ივლისიდან კი ნიცის მიმართულებით ამატებს რეისებს.

Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას ცოტა ხნის წინ უთხრა, რომ უკმაყოფილოა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ნაკლებობით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი მრავალჯერად ჩარტერულ რეისს სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით 15 ივნისიდან კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) შეასრულებს, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე კი ასევე კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) იფრენს.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG