Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება - მთავრობის კანონპროექტი


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. რეგულაციის შესახებ მან დღეს, 12 ივნისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ისაუბრა და მისი შემუშავების მიზეზებიც დაასახელა:

"ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთსქესიან [ერთი და იმავე სქესის მქონე - რედ.] წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ხოლო ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ნაწილობრივაა დაშვებული.

პრემიერის განცხადებით, შესაბამის კანონპროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და იგი პარლამენტში გადაიგზავნება.

"რეგულირდება უანგარობის პრინციპი" - როგორ განმარტავს ცვლილებას მინისტრი?

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, არასაქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მეთოდებით ინვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია, ასევე ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურა 2024 წლის პირველი იანვრიდან შეიზღუდება. მისივე ცნობით, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაუგზავნიან.

"მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიური მეთოდით შვილის გაჩენა, ასევე სუროგაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება და ექნება სუროგაციის უფლება. ანუ [სფერო] მთლიანად იკეტება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ და დაამატა, რომ ვინაიდან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ საშიშროებას აჩენდა იგივე ბავშვებით და ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

მისივე ცნობით, პროექტში იქნება ჩანაწერი, რომ იკრძალება სუროგაციაზე ყველანაირი ტიპის რეკლამა, ხოლო კანონით დაარეგულირებენ "უანგარობის პრინციპს".

"ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც, ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და, მხოლოდ და მხოლოდ, შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს", - თქვა აზარაშვილმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მხოლოდ ალტრუისტული მიზნით იქნება თუ არა დაშვებული სუროგაცია? - მინისტრი პასუხობს: "მხოლოდ უანგარობის პრინციპით".

აზარაშვილის ინფორმაციით, თუკი დაახლოებით, 5 წლის წინ იყო წელიწადში ჯამში 1000 შემთხვევა, როგორც სუროგაციით, ასევე დონორობით ბავშვის დაბადების, დღეს არის 2000-ზე მეტი შემთხვევა. "გამომდინარე იქიდან, რომ ძვირადღირებული პროცესია, დამკვეთები ძირითადად არიან არასაქართველოს მოქალაქეები", - დაამატა მან.

გასულ წელს მსგავსი კანონპროექტის მიღების ინიციატივა იყო რუსეთის პარლამენტშიც. 2022 წლის ნოემბერში პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს კანონს, რომელიც უცხოელებს აუკრძალავს რუსეთში სუროგატი დედების მომსახურების მიღებას.

"ბავშვების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უცხოელებისთვის სუროგაციის მომსახურების გამოყენების აკრძალვით", - წერდა ვოლოდინი ტელეგრამით. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი 45000-მდე ბავშვი წაიყვანეს უცხოეთში. "ბავშვთა ტრეფიკინგი მიუღებელია", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG