Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან მანგანეზის" თქმით, კომპანია ზარალიანია და ხელფასის მომატება ალოგიკურია


"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირები
"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირები

"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ თანამშრომლების მხრიდან ახლა ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. კომპანიის პრესკონფერენცია გაიმართა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისში, რომელიც "კინგ დევიდის" კომპლექსში მდებარეობს.

"თანხმობას და მზაობას ვაცხადებთ, ხელფასების მატება მიბმული იყოს გარკვეულ სამომავლო ფინანსურ შედეგებზე, როდესაც დაიდება, დადასტურდება ჩვენი ზარალიანობის... რაღაცაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ან დღეს გვაქვს თუ არა საშუალება გადავიხადოთ (ეს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ ნახოს), ან შევთანხმდეთ, რომ ხვალ რომ მე მექნება, შემდეგ მოვუმატოთ", - თქვა კომპანიის დირექტორმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით მომატება კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას. მაღაროელები თავდაპირველად ხელფასის 40 პროცენტით გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანია ხელფასის მხოლოდ 5 პროცენტით მომატებას დასთანხმდა.

"შესაძლებელია, ეს ხალხი უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ არის რესურსები და შესაძლებლობები - ეს 9, 10, 12 პროცენტი მნიშვნელოვან რიცხვებთან არის დაკავშირებული... დღესდღეობით ჩვენი ზარალი შეადგენს 12 მილიონ დოლარს. ამ ფონზე მათი მხრიდან მოთხოვნა 10 მილიონით ხელფასის ზრდის, ძალიან ალოგიკურია", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი.

ლაშა თუთბერიძემ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ დასაქმებულებს 12 საათის ნაცვლად, 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შესთავაზეს, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეში 12-საათიანი მუშაობის შემთხვევაში "შრომის ნაყოფიერება დაბალია, მით უფრო, როცა ეს ადამიანები მიწის ქვეშ მუშაობენ და საკმაოდ მძიმე სიტუაციაში არიან".

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.

კომპანია თანახმაა, მიიღოს რამდენიმე გადაწყვეტილება:

  • "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
  • "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
  • "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში აქციების გამართვას გეგმავს.

"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო - იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი გიორგი კუპატაძე.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG