Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურიერმა პოლიციას და კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა


ირაკლი მილაძე
ირაკლი მილაძე

6 დეკემბერს კურიერმა ირაკლი მილაძემ ტიკტოკი ჩაწერა, რომელშიც თქვა, რომ თბილისში, ე.წ. ბასლაინებში ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს.

ამავე ვიდეოში მან აგინა თბილისის მერს, კახა კალაძეს (მისი სატრანსპორტო პოლიტიკის გამო) და პოლიციელებს.

“მაგ დღეს განსაკუთრებით მაგრად თოვდა. ათი საათი ვიმუშავე. ცალკე ვიყავი ნერვებმოშლილი, იმიტო რო დგეხარ საცობში, თოვლი გედება და გუნდა კეთდება შენს ჩაფხუტზე, ცალკე გაიხედავ და იქ [ბასლაინზე] ვიღაცები გულაობენ”, - იხსენებს ირაკლი.

ჩაწერიდან ორ დღეში მან აღმოაჩინა, რომ მის ნაქირავებ სახლთან, სოფელ დიღომში, შუშებდაბურული მანქანები იდგა. კიდევ ორ დღეში, ათ დეკემბერს, ეზოდან მოპედით რომ გავიდა, თეთრი მანქანა "კინაღამ დაეჯახა". “გზა გავაგრძელე. ვინც ორი ბორბლით ვმოძრაობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვერც კი წარმოვიდგენდი…”

ირაკლის თქმით, სუპერმარკეტ “ფრესკოს” დიღმის ფილიალთან მასთან უფორმო პოლიციელები მივიდნენ, პირადობა მოსთხოვეს და მანქანაში ჩასვეს.

“მარცხნიდან და მარჯვნიდან უკანა სავარძლებზე დასხდნენ სხვა პოლიციელები. წინ კიდე - ორი პოლიციელი. მკითხეს, შენ ვის შეაგინეო. მერე ოთხივემ დამიწყო ცემა. მაგინებდნენ და იმეორებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას არავინ მაპატიებს”, - ამბობს იგი.

კურიერი იხსენებს, რომ ნაცემი პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა და შემდეგ ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის.

როგორც შემდეგ აღმოაჩინა, ტიკტოკზე დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. პოლიციელებმა სასამართლოზე თქვეს, რომ უწყების ჩასაბარებლად იყვნენ მისულები, მან კი წინააღმდეგობა გაუწია და აგინა.

თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი 2000 ლარით დააჯარიმა. ერთ თვეში კი კიდევ 2000 ლარით, ამჯერად უკვე ტიკტოკზე გინებისთვის.

"სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს”, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 21 ივნისს გამოაქვეყნა.

სწორედ საია იცავს სასამართლოში ირაკლი მილაძის უფლებებს და მისი ისტორია სწორედ ამ ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

საიას ანგარიშში წერია, რომ "სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ...[შესაბამისად] ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები".

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და დაადგინა, რომ "სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ ქმედებას ...ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“

ამ საქმის გარდა, ორგანიზაცია წერს კიდევ ერთ შემთხვევაზე - ქუთაისელმა პოლიციელს ფეისბუკპოსტში შეურაცხყოფა მიაყენა და დაჯარიმდა 2500 ლარით.

საიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და აუარესებს ამ მხრივ არსებულ სტანდარტებს.

“ჩვეულებრივი რუსული მეთოდია, - ასე აფასებს ირაკლი თავის თავს გადამხდარ ისტორიას, - ხელისუფლებას ვინც ასე საჯაროდ აგინებს, ყველას ასეთი მეთოდებით გაუსწორდებიან, რომ შეაშინონ”. ორივე ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში მან უკვე გაასაჩივრა.

შენიშვნა: მასალა განახლებულია. შეცვლილია სათაური, რომლის თავდაპირველი ვარიანტი იყო: "კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა". ასევე, სტატიას დაემატა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები და განმარტებები.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG