Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურელ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა


გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები
გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭიათურელ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის მედიაციის პროცესი შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, ხელფასის მატების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.

სამინისტროს ცნობითვე, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა:

"ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე.

ასევე, ამავე კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა".

უწყების განცხადებით, შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი გაფორმდა, რასაც დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა. ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" პირველი ივლისიდან განაახლებს მუშაობას.

"გარკვეული შეთანხმებები შედგა, კონკრეტულად, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომლებიც მყისიერად გადაწყდება, არის საკითხები, რომლებიც დროშია გაწელილი. შესაბამისად, კვირას, 19:00 საათზე დაანონსებული აქცია ვეღარ შედგება", - თქვა მან.

რამდენიმე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია იმართება. მათი ნაწილი აქციებს მართავს ჭიათურაშიც.

გაფიცულმა მაღაროელებმა კომპანიას 14 პუნქტის დაკმაყოფილება მოსთხოვეს. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

აღნიშნულ მოთხოვნებს შორის არ არის მაღაროების მაღაროელებისთვის გადაცემა.

21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ 4 მოშიმშილე დაემატა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა გიორგი კუპატაძეც, მაღაროელი, რომელმაც 18 ივნისს თვალები ამოიკერა პროტესტის ნიშნად. აქციაზე გამომსვლელთა თქმით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო შეექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც.

XS
SM
MD
LG