Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა „ვოლტის“ მხრიდან კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის დაბლოკვის გამო


ფოტო არქივიდან: თბილისი. „ვოლტის“ კურიერების აქცია.
ფოტო არქივიდან: თბილისი. „ვოლტის“ კურიერების აქცია.

პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო, დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატმა განმარტა 4 ივლისს გაგზავნილი რეკომენდაციის მიზეზები. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

ამასთან, ომბუდსმენმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგინოს კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ვოლტ ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. შეკითხვაზე - სახალხო დამცველის გადაწყვეტილების შემდეგ, აღუდგენს თუ არა კომპანია კურიერებს აპლიკაციაზე წვდომას? - კომპანიაში ასე გვიპასუხეს: „ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ამ თემაზე ჩვენი მოსაზრება გვაქვს და თუ შეიძლება, ელ.ფოსტით მოგვწერეთ შეკითხვა“.

განახლება

წერილობით გაგზავნილ შეკითხვაზე, „ვოლტ ჯორჯიამ“ გვიპასუხა, რომ კომპანია არ აპირებს კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენას. კომპანია არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას და მიიჩნევს, რომ კურიერებთან პარტნიორობა არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.

სახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში.

რეკომენდაციის მიღების შემდეგ, „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა.

XS
SM
MD
LG