Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს დასავლეთ უკრაინაში შეხვდნენ


ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი. ლუცკი. 9 ივლისი, 2023 წელი
ანჯეი დუდა და ვოლოდიმირ ზელენსკი. ლუცკი. 9 ივლისი, 2023 წელი

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა, კვირას ერთმანეთს შეხვდნენ ლუცკში, დასავლეთ უკრაინის ვოლინის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში. ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა.

სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა გაიმართა 1943 წლის ე.წ. ვოლინის ტრაგედიის წლისთავის წინა დღეს, როდესაც უკრაინის მეამბოხეთა არმიის (UPA) ძალებმა დახოცეს პოლონური წარმოშობის 50 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.

პრეზიდენტები წირვას წმინდა პეტრე-პავლეს კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრნენ. "უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პატივს მივაგებთ დახოცილი პოლონელების ხსოვნას", - დაწერა დუდამ თავის ტვიტერში.

1943 წელს ვოლინში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ინტერპრეტაცია პოლონეთისა და უკრაინის საერთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მანამდე ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში უკრაინის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში დაახლოებისთვის. კერძოდ, შესაძლებელი გახდა სამძებრო და საექსჰუმაციო სამუშაოები, რომლებიც მანამდე არ ჩატარებულა.

"ეს თვისობრივ ცვლილებაზე მიუთითებს: დღევანდელ უკრაინის მთავრობას უფრო მეტი გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მის წინამორბედებს რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

28 ივნისს კიევში ვიზიტის დროს ანჯეი დუდა შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხები როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე ორმხრივ ფორმატში.

XS
SM
MD
LG