Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძის თქმით, დასაშინებლად მანქანა გაუძარცვეს


ფოტოკოლაჟი: ნოდარ მელაძე და მის მანქანაში გადაღებული კადრი
ფოტოკოლაჟი: ნოდარ მელაძე და მის მანქანაში გადაღებული კადრი

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გუშინ, გვიან ღამით, მისი კუთვნილი მანქანიდან მოიპარეს გარე მეხსიერების მოწყობილობა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. მისი თქმით, შემთხვევა მოხდა თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე).

რადიო თავისუფლებასთან კომენტარში მან გამოთქვა ეჭვი, რომ ეს არის მისი დაშინების მცდელობა, მანქანის ძარცვის იმიტაციით. ტელეწამყვანს ამ ეჭვს უმძაფრებს ის გარემოება, რომ ავტომობილიდან არ წაუღიათ სხვა არცერთი ღირებული ნივთი, რომლებიც ქურდისთვის საინტერესო შეიძლება ყოფილიყო.

"ქურდი რომ ყოფილიყო, სხვა ნივთებსაც წაიღებდა. ამიტომ ამას ვუკავშირებ იმ დაშინების კამპანიას, რომელიც დაიწყეს - ახლა გადავიდნენ მოქმედებაზე, არ ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებსაც, რომ "თავისუფლებიდან" 100 მეტრშიც ვერ ხარ დაცული", - ამბობს მელაძე და იხსენებს "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, დღის საათებში.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ნივთი მისი მანქანიდან ღამით, 12:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის იმ მონაკვეთში წაიღეს, როცა მშობლებთან იმყოფებოდა სტუმრად:

"მანქანა იდგა იმ ადგილზე, რომელსაც ერთდროულად უყურებს სამი კამერა... გამოვიძახე პოლიცია იმის მიუხედავად, რომ გამოძიებას იწყებენ და რეაგირება არ აქვთ. ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიციელმა ნახა სასტუმროს კამერით გადაღებული კადრები. მომატყუა, რომ არ უნახავს... ახლა მოიგონებენ ისტორიას, რომ გამვლელმა გადაწყვიტა მანქანაში შემძვრალიყო".

ნოდარ მელაძე არ გამორიცხავს, რომ ეს არის ძარცვის იმიტაცია, რა დროსაც მის მანქანაში დააყენეს ან პირიქით მოხსნეს სათვალთვალო მოწყობილობები. ჟურნალისტის თქმით, ავტომობილის ადგილმდებარეობის დადგენა შესაბამის სამსახურებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან ჩართული ჰქონდა პარკირების სისტემა, რომლის გასააქტიურებლადაც აუცილებელია მძღოლმა ტრანსპორტის ადგილმდებარეობა მიუთითოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ძარცვის მუხლით.

XS
SM
MD
LG