Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც უნდა შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია აფრიკიდან ევროპისკენ


ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე, ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი, ტუნისის პრეზიდენტი კაიზ საიედი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯიორჯია მელონი. ტუნისი. 16 ივლისი, 2023 წელი
ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე, ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი, ტუნისის პრეზიდენტი კაიზ საიედი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯიორჯია მელონი. ტუნისი. 16 ივლისი, 2023 წელი

ევროპის კავშირმა და ტუნისმა დადეს ხელშეკრულება, რომელიც გააქტიურებს ვაჭრობას და ამასთან ერთად, შეაჩერებს არალეგალურ მიგრაციას ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროკავშირის ქვეყნებში.

მოლაპარაკება ამ თემაზე დასრულდა 16 ივლისს, როცა ტუნისს სტუმრობდნენ ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯიორჯია მელონი და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე.

ტუნისის პრეზიდენტთან, კაიზ საიედთან ერთად ევროკომისიის თავმჯდომარემ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც მოიცავს მიგრაციის სფეროს, ეხება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ვაჭრობას და ინვესტიციებს, ენერგეტიკის სფეროში ეკოლოგიურად სუფთა სისტემების გამოყენებასა და ურთიერთობების განვითარებას.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ტუნისს გამოუყოფს 100 მილიონ ევროს ადამიანების კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის, სამაშველო და მსგავსი ოპერაციების ჩატარებისთვის. ევროკავშირი გადასცემს ტუნისს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების საშუალებებს, რითაც უნდა გართულდეს არალეგალურად მიგრანტებით დატვირთული ნავების გაგზავნა ევროპისკენ.

„ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ, როცა ბევრი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი მოწოდება იყო მოქმედებისკენ. კონტრაბანდისტების დამნაშავეობრივ ქსელს უნდა მივხედოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო ხანს ტუნისი გადაიქცა ევროპისკენ მიგრანტების ტრანსპორტირების ერთ-ერთ მთავარ წერტილად. სისტემატურად ხდება კატასტროფა უამინდობის, ნავის გადატვირთვის გამო.

მიგრაციის საერთაშორისო პროექტის თანახმად, 2022 წელს აფრიკის ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე 3800 ადამიანი დაიღუპა, რაც 2017 წლის შემდეგ უდიდესი რიცხვია. იტალიამ აპრილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მიგრანტების რიცხვის სწრაფად ზრდის გამო.

XS
SM
MD
LG