Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს ბრალი წაუყენეს დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ


საილუსტრაციო ფოტო. დონალდ ტრამპი ფლორიდაში, კონფერენციაზე Turning Point Action USA. 2023 წლის 15 ივლისი
საილუსტრაციო ფოტო. დონალდ ტრამპი ფლორიდაში, კონფერენციაზე Turning Point Action USA. 2023 წლის 15 ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომელიც მომავალი წლის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს - დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა.

სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნა 4 პუნქტს მოიცავს - შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით. ამ ბრალდებების ნაწილი 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ტრამპი და მისი თანამზრახველები ცდილობდნენ არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ განცხადებების საფუძველზე, ძალადობისა და ქაოსის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინათ კონგრესზე საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმების მიზნით. სპეცპროკურორ ჯეკ სმიტის განცხადებით, ტრამპის ტყუილმა გამოიწვია კაპიტოლიუმზე უპრეცედენტო თავდასხმის პროვოცირება.

დონალდ ტრამპის გარდა, ბრალი წაუყენეს კიდევ 6 პირს, რომელთა ვინაობა საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის. Reuters-ის ინფორმაციით, ამ პირებს შორის, სავარაუდოდ, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანიცაა.

სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა საბრალდებო დასკვნა გადასცა ვაშინგტონის სასამართლოს, სადაც დონალდ ტრამპი 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. თავად ტრამპი ბრალდებას სიყალბეს უწოდებს. მისმა საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გრძელდება დევნა, რომელიც ნაცისტურ გერმანიას ახსენებთ და რომ ტრამპს ვერ შეაჩერებს სამარცხვინო და უპრეცედენტო პოლიტიკური თავდასხმები.

  • მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
  • 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
  • 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
  • 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დონალდ ტრამპი ბრალდებულია კიდევ ორ საქმეზე. ერთი ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას, ხოლო მეორე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის, ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, 130 ათასი დოლარის გადახდას, რაც ოფიციალურად იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ტრამპი არცერთ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG