Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაშველოს უფროსი: სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის


რაჭა, შოვი
რაჭა, შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა. განახლებული ინფორმაცია მან მედიას მიაწოდა.

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ", - თქვა სამაშველო სამსახურის უფროსმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ დილის 10:00 საათისთვის ვერ ხერხდებოდა შოვში მყოფ 35 ადამიანთან დაკავშირება.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.

შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მდინარის სტიქიური დაგუბებით გამოწვეული მეწყრული პროცესი მოკლე პერიოდის განმავლობაში განვითარდა, დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა და ამ არეალის და ჩამოსული მასის გათვალისწინებით, სტიქიის მასშტაბი უპრეცედენტოა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დააზიანა შოვისკენ მიმავალი გზები და წაიღო 2 ხიდი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან განახლდა გზის გაწმენდა, ამ ეტაპზე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და იწყება დროებითი ხიდის მოწყობა.

XS
SM
MD
LG