Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ავიაკომპანია "ბელავიას"


შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ბელარუსის ოთხი იურიდიული პირისა და ბელარუსის რვა მოქალაქის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტი იტყობინება. სხვათა შორის სანქციების სიაში შედიან ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია“ და მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა, ასევე ერთი სამოქალაქო ავიალაინერი.

მინსკის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, რომლის ოფიციალური შედეგებიც აშშ-მა არ აღიარა. კენჭისყრაში გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო მასობრივი პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. საპროტესტო გამოსვლების ასობით მონაწილე ციხეში ჩასვეს, ქვეყანა დატოვა ათასობით ადამიანმა. ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემდგომში გამკაცრდა მას მერე, რაც ლუკაშენკას რეჟიმმა მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

სანქციების სიაში ასევე შედიან „ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა“ და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ბიზნესმენი ალექსეი ოლექსინი, რომელიც ლუკაშენკასთან მჭიდროდ დაახლოებულ პირად ითვლება. გარდა ამისა, სანქციები დაუწესეს მისი ოჯახის წევრებს და რამდენიმე ოფიციალურ პირს. სიაში აგრეთვე შედის თვითმფრინავი Bombardier CRJ-200ER, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება იყენებს.

ამასთან, „ბელავიაზე“ გაცემულია ე.წ გენერალური ლიცენზია, რომელიც მასთან დროებით ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისთვის“.

„ბელავიას“ წინააღმდეგ ადრე ევროკავშირმა დააწესა სანქციები მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, ბელარუსის ხელისუფლებამ მოაწყო ოპოზიციონერი რამან პრატასევიჩის დასაპატიმრებლად.

XS
SM
MD
LG