აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკსა“ და ასევ რუსეთის 11 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას.
გარდა ამისა, სანქციები გავრცელდა ბანაკ „არტეკის“ დირექტორ კონსტანტინ ფედორენკოზე, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელ მუსულმან ხუჩიევზე, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარ მანსურ სოლტაევსა და ასევე კალუგის, ბელგოროდისა და როსტოვის რეგიონების ბავშვთა ომბუდსმენებზე.
ვაშინგტონი ირწმუნება, რომ სანქციების სიაში მოხვედრილი პირები ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში რუსეთსა და უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. "ეს („არტეკი“) რომ ყოფილიყო არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის ბანაკი ან ტრანსგენდერი თემების გამოცდილების გაზიარების ადგილი, ვაშინგტონი მას მრავალმილიონიანი გრანტებითა და ყველა სახის ჯილდოს ნომინაციებით წალეკავდა", - წერს ზახაროვა ტელეგრამში.
- 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.