Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

29 აგვისტოს თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგებზე „ფეისბუკ"-LIVE-ში ილაპარაკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ძლიერად იწვიმა. მან აქცენტი გააკეთა ნაგვით სავსე სანიაღვრე სისტემაზე.

„ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე... ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები - „თბილსერვისი“, ინფრასტრუქტურის სამსახური, ყველა, ვისაც ეხება აღნიშნული პრობლემა, - თქვა კალაძემ და დაამატა, - სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი იყო, მე არ მახსოვს ბოლო წლების განმავლობაში ასეთი რამ".

მერთან ერთად იმყოფებოდა მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომელმაც კონკრეტული პრობლემები ჩამოთვალა.

„სანაპიროზე, თამარ მეფის პანდუსის ასახვევთან, უხვი რაოდენობით გადმოდის კანალიზაციის კოლექტორიდან, წყლის მასა. ეს გარკვეულწილად დამატებით პრობლემას ქმნის, ვინაიდან, გარდა იმისა, რაც უხვი ნალექი მოვიდა ქალაქის მასშტაბით ბოლო საათების განმავლობაში, არის ასეთი შემთხვევები, სადაც კანალიზაცია დამატებით... ეს არის საბურთალოს ზედა ნაწილი, ნუცუბიძე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. კოლექტორი არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჭარბი რაოდენობის მოცულობას ვეღარ გაუძლო და უშუალოდ ზედაპირზე, წყალზე გადმოდის", - თქვა ბენდელიანმა.

მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე წაქცეული შემზღუდავი ჯებირები მაშინვე გასწორდა (ამ ტერიტორიაზე ბოლო დღეების განმავლობაში ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ).

უსაფრთხოების მიზნით შსს-სთან ერთად, მერიამ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მიმოსვლა შეზღუდა. „არანაირი პანიკა მეგობრებო, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ პრევენციულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განმარტა კახა კალაძემ.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ კონკრეტულ ადგილზე ქვათაცვენა იყო და კონტრაქტორს უკვე გამოჰყავს შესაბამისი ტექნიკა.

„მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მთელი ღამის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით გვექნება სრული მობილიზება, რომ დილისთვის უკვე გზებზე გადაადგილება შეუზღუდავი", - განაცხადა მერის მოადგილემ.

29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა გლდანის რაიონში შეიქმნა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში სახლებსა და სადარბაზოებში წყლის ჩასვლის კადრებს ავრცელებენ.

XS
SM
MD
LG