Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროინტეგრაციის საბოტაჟი - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აფასებს


ფოტო არქივიდან: სალომე ზურაბიშვილი
ფოტო არქივიდან: სალომე ზურაბიშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს. მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს მართავს "ქართულმა ოცნებამ" მის წინააღმდეგ პროცედურების ამოქმედებაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაწყება შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "საქართველოსთვის".

პაატა მანჯგალაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"

"ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს. ყველა ხელმოწერა, ყველა სახელი და გვარი, რომელიც დაფიქსირდება ამ წარდგინებაზე, რომელსაც საკონსტიტუციოში შეიტანენ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ღალატზე ხელისმოწერაა".

ირაკლი ფავლენიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა"

"იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსული ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს... და ზოგადად, ამ ოპოზიციის სხვა აქტორების აქტივობას უკავშირებენ ამ ხელოვნურ თემებს".

ირაკლი კუპრაძე - "ლელო"

"ცხადია, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება მაშინ, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად ქართული ხელისუფალი - "ქართული ოცნების" სახით, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია, რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს".

გიორგი გახარია - "საქართველოსთვის"

"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს: პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის".

დღეს, 1 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაიწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.

საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. ეს საკმარია საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად, თუმცა არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას არ აქვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.

30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".

XS
SM
MD
LG