Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ" - პარლამენტმა უარი თქვა ფრენების აკრძალვის პეტიციის განხილვაზე


საილუსტრაციო ფოტო: ქართული თვითმფრინავი რუსეთის დროშის ფონზე
საილუსტრაციო ფოტო: ქართული თვითმფრინავი რუსეთის დროშის ფონზე

საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა განეხილა 6084 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც ითხოვდნენ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვას. საკითხს პროცედურულად განიხილავდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტი.

"სახელმწიფოს გააჩნია პოზიცია, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს, იმიტომ რომ ეს სანქციები, პირველ რიგში, მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებისკენ და იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა არგუმენტებით და პოზიციებით დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს და რასაკვირველია, ვუერთდებით ყველა საერთაშორისო სანქციებს. [ამიტომ] კომიტეტი ვფიქრობთ, რომ მიზანშეუწონლად მივიჩნიოთ პეტიციის შესწავლა და შესაბამისად განხილვა სიღრმისეულად", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.

მან პეტიციის წარმდგენებს მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ მისცა.

პეტიციის განხილვის მომხრე იყო 2 ოპოზიციონერი დეპუტატი, წინააღმდეგი კი - 4 დეპუტატი უმრავლესობიდან. შესაბამისად, პარლამენტმა პეტიციის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

პეტიციაზე ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ უნდა იყოს იმ ფონზე, როცა:

  • რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება;
  • რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და ხოცავს მოსახლეობას;
  • რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი;
  • მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ამ პეტიციით მისი ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ:

  • დაწესებულიყო სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე;
  • არ აღდგენილიყო რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

პეტიციის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, 2023 წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

XS
SM
MD
LG