Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის განცხადებით, ფარცხალაძეს 2013 წლის შემდეგ მის საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია

საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა

ოთარ ფარცხალაძისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. ის „ნაციონალურ მოძრაობას" პროკურატურის ხელმძღვანელი პირების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყება ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს 2013 წლის შემდეგ პროკურატურასთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია.

„პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია.

როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ამ საქმეზე „საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას".

აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ ოთარ ფარცხალაძის საკითხის შესწავლა დაიწყო.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ამავე დოკუმენტით, ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში"; ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.

2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.

​
XS
SM
MD
LG