Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ანტისამთავრობო აქციისას მომხდარი შეტაკების შედეგად


19 სექტემბერს ერევანში, მთავრობის შენობასთან, ფიზიკური დაპირისპირება იყო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის
19 სექტემბერს ერევანში, მთავრობის შენობასთან, ფიზიკური დაპირისპირება იყო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის

ერევანში, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების შეტაკებისას დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 16 თანამშრომელი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. საავადმყოფოებში რჩება 16 დაშავებული. ერთს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებას. 19 სექტემბერს სომხეთის მთავრობის შენობასთან შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტების ნაწილმა მთავრობის შენობაში შეჭრა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა.

ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიზანია ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.

19 სექტემბერს, საღამოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა პრეზიდენტ ალიევის თანაშემწის, ჰიკმეტ გაჯიევის განცხადება, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებების ძირითადი მიზნების მიღწევა ბოლო სტადიაზეა".

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან ყარაბაღის სომხურ მოსახლეობასთან შესახვედრად და „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შესაწყვეტად, თუ „უკანონო შეიარაღებული ფორმირებები“ იარაღს დაყრიან და ადგილობრივი „უკანონო რეჟიმი“ თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო დამცველმა გეგამ სტეპანიანმა 19 სექტემბერს, ღამით ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანის „სრულმასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 27-ს მიაღწია და მათ შორის 2 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. სტეპანიანის ინფორმაციით, დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებული არიან და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ სისხლისღვრის შეჩერებისა და სიტუაციის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ. ზახაროვას თანახმად, სიტუაციის გამწვავების მიუხედავად, რუსი „შვიდობისმყოფელები" განაგრძობენ ყარაბაღში თავიანთი ფუნქციის შესრულებას.

აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა 21 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG