Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ირაკლი ეძგვერაძეს "კრიმინალს" უწოდებს და ამბობს, რომ მასზე თავდასხმასთან კავშირი არა აქვს


კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი
კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს.

კახა კალაძე ირაკლი ეძგვერაძეს კრიმინალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მომხდარი მის წარსულს უკავშირდება. მისი სიტყვებით, ეძგვერაძე გლდანში არჩევნების დროს ნიკა მელიას მთავარი საყრდენი იყო.

"ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი და კოტე ზარნაძის სახელი. ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ. ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს... ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, შემდეგ არ გამოუვიდა ეს, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში - ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში.

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს, საკუთარ სახლთან 40-ზე მეტი პირი დაესხა თავს და სცემა.

მოგვიანებით კი, მის სანახავად გლდანში, მის სახლთან მისული ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის სხდომაზე დაუპირისპირდა კალაძის მეგობარს, დეპუტატ კოტე ზარნაძეს.

ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ის წევრები აცხადებენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.

XS
SM
MD
LG