Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან ლტოლვილებისთვის დერეფნის გახსნაზე უარი თქვა


ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის სექტორიდან ლტოლვილებისთვის დერეფნის გახსნაზე, მაგრამ განიხილა მისი საზღვრის გასწვრივ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ასეთი დერეფნის იდეა განიხილეს ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად. მის გახსნას ითხოვდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის ემხრობა, რომ ორივე მხარემ კონფლიქტები გადაწყვიტოს თავიანთ საზღვრებში. ეგვიპტის თანახმად, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება.

ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების - საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა "გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში" განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში.

ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს.

XS
SM
MD
LG