Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი: სანამ ამერიკა იარსებებს, ისრაელის გვერდში იქნება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩასვლისას. 12 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩასვლისას. 12 ოქტომბერი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა, თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად.

ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელში ჩავიდა არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი და გაიხსენა თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის მამინაცვალი სამუელ პისარი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის არაერთ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, სანამ იარსებებს. ეს იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი თავიდანვე, როცა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ისრაელში შეიჭრა, ეს არის ჩვენი მესიჯი ახლა, - თქვა ბლინკენმა, რომელიც იქვე მიესალმა ისრაელში ახალი მთავრობის შექმნას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიმართა ისრაელელებს: „თქვენ შეგიძლიათ იყოთ საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვათ, მაგრამ სანამ არსებობს ამერიკა, თქვენ არასოდეს, არასოდეს მოგიწევთ ამის გაკეთება. ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვიქნებით“.

ბლინკენმა თელ-ავივში განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის სრული უმრავლესობა უჭერს მხარს ისრაელის უსაფრთხოებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულია 25 ამერიკელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, პალესტინელებს ასევე აქვთ „კანონიერი მისწრაფება,“ რომელსაც წარმოადგენს გასამხედროებული დაჯგუფება „ჰამასი“.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისევე უნდა განადგურდეს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე პირობა დადო, რომ ისრაელს მეტ საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნიდა. ვაშინგტონმა ასევე გაგზავნა ავიამზიდების საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ ბაიდენმა ასევე მოუწოდა ისრაელს თავის შეკავებისკენ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი სიბრაზის და იმედგაცრუების მიუხედავად, ისრაელმა მკაცრად დაიცვას ომის წესები“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

• 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

• 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

• 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

• „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG