Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია უარყოფს პალესტინელ დევნილთა კოლონაზე თავდასხმის ბრალდებას


ღაზის სექტორი, პალესტინელი დევნილები სამხრეთისკენ მიემართებიან. 13 ოქტომბერი
ღაზის სექტორი, პალესტინელი დევნილები სამხრეთისკენ მიემართებიან. 13 ოქტომბერი

ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრ-ადმირალი დანიელ ჰაგარი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელის არმია თავს დაესხა პალესტინელ დევნილთა კოლონას, რომელიც ისრაელის არმიის მოწოდების თანახმად, ჩრდილოეთი ღაზიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა.

ინფორმაცია თავდასხმის თაობაზე შაბათს, 14 ოქტომბერს, გაავრცელა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ჯანდაცვის სამინისტროსაც „ჰამასი“ აკონტროლებს).

Times of Israel-ი ჰაგარის კომენტარს ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელი „ჰამასს“ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს და ამასთანავე ამბობს, რომ რადიკალური დაჯგუფება პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს.

რადგან არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს, ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადაინაცვლოს სამხრეთით. „ჰამასი“ მოსახლეობას მიმართავს, არ გაითვალისწინოს ისრაელის მოწოდება.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

7 ოქტომბერს რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.

XS
SM
MD
LG