Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი უარყოფს, რომ მიღწეულია რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შეთანხმება


ფოტო არქივიდან. რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის
ფოტო არქივიდან. რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის მთავრობამ უარყო, რომ მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტის და ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ.

დღეს დილით, სააგენტო Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ არსებული შეთანხმებით, რაფაჰის პუნქტის გავლით ღაზის სექტორს დატოვებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევა ჰუმანიტარული დახმარება.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეგვიპტისგან არ მიუღიათ დასტური, რომ რაფაჰის პუნქტი დროებით გაიხსნება.

ამ ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მხრიდან, იმყოფება ასეულობით ადამიანი, რომლებიც გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ორივე გასასვლელი(ისრაელსა და ეგვიპტესთან) საომარი მოქმედებების გამო, კვირაზე მეტია დაკეტილია.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმების შემდეგ, ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

13 ოქტომბერს, სამხედრო ოპერაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა მოსთხოვა.

გაეროს მონაცემებით, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანად ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა დაახლოებით მილიონმა ადამიანმა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 ათასს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG