Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დღე-ღამის განმავლობაში 400 დარტყმა მიაყენა „ჰამასის“ ობიექტებს


ღაზის სექტორი, ხან-იუნისი ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 23 ოქტომბერი, 2023 წელი
ღაზის სექტორი, ხან-იუნისი ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 23 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელელი სამხედროები იტყობინებიან, რომ არ აპირებენ საჰაერო დარტყმების ინტენსივობის შენელებას ღაზის სექტორზე, მიუხედავად იმისა, რომ "ჰამასმა" გაათავისუფლა კიდევ ორი მძევალი, რომლებიც მისმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას, შეიპყრეს.

უწყვეტმა შეტევებმა მთლიანად უნდა გააუვნებელყოს „ჰამასი“, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰა-ლევიმ. ისრაელის თავდაცვის ძალების 24 ოქტომბრის ცნობის თანახმად, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, სამხედროებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" 400-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა რადიკალური დაჯგუფების რამდენიმე მეთაური და ბევრი მებრძოლი, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დარტყმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებმა განახორციელეს „ჰამასის“ სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გვირაბზე. ცეცხლი გაუხსნეს ასევე მეჩეთებში მდებარე "ჰამასის" სამეთაურო ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებს.

24 ოქტომბრის ღამით, ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა შიიტური პროირანული დაჯგუფების, "ჰეზბოლას" ობიექტებზე ლიბანში. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სამხედრო ქალაქი.

პალესტინელთა ავტონომიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანახმად, გასულ 24 საათში ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად მოკლულია 704 პალესტინელი. ამავე უწყების ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც პალესტინელი მებრძოლების თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო 7 ოქტომბერს, სულ დაღუპულია 5791 პალესტინელი.

"ბიბისის" კორესპონდენტი რუშდი აბუ ალუფი იტყობინებოდა ისრაელის თავდაცვის არმიის ღამის თავდასხმებზე ხან-იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთში, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან მილიონზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოითხოვეს, „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების გამო.

ისრაელს აქვს კანონიერი უფლება სამხედრო მოქმედებებით უპასუხოს ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმას, თუმცა ისრაელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა. ბრიფინგზე მილერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაშია ჩაშენებული, რის გამოც ზარალდება და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

XS
SM
MD
LG