Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი EU-ს კანდიდატის სტატუსის შესახებ: დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ „გლობალური კარიბჭის ფორუმში", ილაპარაკა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ელოდება 8 ნოემბერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

„ეს პროცესი იყო, მოგეხსენებათ, ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე არ მინდა წინასწარ დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, ასევე უკრაინას და ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ შედარებით საქართველოსთან, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი მადლიერია ოლივერ ვარჰეის (ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში), რომელსაც 24 ოქტომბერს შეხვდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვარჰეი არის მხარდამჭერი იმის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG