Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი Amnesty International-ის პოზიციას ღაზასთან დაკავშირებით "ანტისემიტურს" უწოდებს


7 ოქტომბერს დაღუპულთა დაკრძალვა ისრაელში
7 ოქტომბერს დაღუპულთა დაკრძალვა ისრაელში

ხუთშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა, კონფლიქტის ორივე მხარეს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს. Amnesty International-ი ასევე მოითხოვს, რომ ისრაელმა განაახლოს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და გააუქმოს მისი ტერიტორიის ბლოკადა. ამასთანავე, უფლებადამცველები ითხოვენ ორივე მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას.

ამ განცხადებამ ისრაელის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიორ ჰაიათმა Amnesty International-ს "ანტისემიტური ორგანიზაცია" უწოდა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

"მათ არ აქვთ საკმარისი მორალური ავტორიტეტი, რათა წარმოაჩინონ თავი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია", - თქვა მან.

ჰაიათმა გაიხსენა, რომ Amnesty International-ს მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, როდესაც 1400-ზე მეტი ისრაელელი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, დახოცეს.

ისრაელის არმიის მიერ 27 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში მძევლადაა 229 ადამიანი. მანამდე ეს რიცხვი 224-ს შეადგენდა. ისრაელის არმიის განმარტებით, მონაცემები იცვლება ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ინფორმაციის გადამოწმების შესაბამისად. 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასმა“ მხოლოდ 4 მძევალი ქალი გაათავისუფლა.

მეორე დღეა ისრაელი იუწყება ღაზის სექტორში „მიზანმიმართული რეიდების“ შესახებ.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეითმა ჯარმა, ავიაგამანადგურებლების და უპილოტო საფრენი აპარატების თანხლებით, „ჰამასის“ მრავალრიცხოვან „ტერორისტულ ობიექტებს“ შეუტია ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, შუჯაიას რაიონში და საავიაციო და საარტილერიო დარტყმები განახორციელა მთელ სექტორზეც.

25 ოქტომბერს, საღამოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდაცვის არმია ემზადება ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. ნეთანიაჰუს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს ორი მიზანი აქვს: „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება.

ბოლო დღეებში დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობენ ისრაელზე ზემოქმედებას, რათა მან გადადოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

XS
SM
MD
LG