Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია დამაკმაყოფილებელია


პალესტინელებს სურსათის საწყობიდან თვითნებურად გამოაქვთ ჰუმანიტარული ტვირთი. ღაზის სექსორი. 28 ოქტომბერი, 2023 წელი
პალესტინელებს სურსათის საწყობიდან თვითნებურად გამოაქვთ ჰუმანიტარული ტვირთი. ღაზის სექსორი. 28 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელმა ღაზის სექტორში წყლის მიწოდება ნაწილობრივ განაახლა და ამჟამად სამიდან ერთი წყალსადენი მილი მოქმედებს. Times of Israel-ი ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ მიწოდებული წყლის მოცულობა ყოველდღიურად 28.5 მილიონ ლიტრს შეადგენს, რაც მანამდე მიწოდებულის დაახლოებით ნახევარია.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცხოელ ჟურნალისტებს ისრაელის მთავრობის საქმიანობის მაკოორდინირებელი სააგენტოს, COGAT-ის წარმომადგენელმა ელად გორენმა 29 ოქტომბერს მიაწოდა. COGAT-ის შეფასებით, ამჟამად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ადგილზე არის საკმარისი რაოდენობის სურსათი და სასმელი წყალი.

ბოლო დღეებში, გაეროს სააგენტოები ლაპარაკობდნენ ჰუმანიტარული კრიზისისა და კატასტროფის შესახებ - მათ შორის სასმელი წყლის, სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო.

COGAT-ის წარმომადგენელმა ელად გორენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობა „დრამატულად გაიზრდება“ მომავალ კვირებში და COGAT-ი განაგრძობს უწყვეტ მონიტორინგს.

ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის სექტორში, ეგვიპტის გავლით, სატვირთო მანქანებით შედის. როგორც იტყობინებიან, სქემა მუშაობს აშშ-ის, ეგვიპტისა და გაეროს კოორდინაციით.

ისრაელმა ღაზის სექტორს წლის მიწოდება 9 ოქტომბერს, მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა "ჰამასი" 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი პირი. ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა.

7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ - ასეულობით ადამიანი დახოცეს და მძევლად აიყვანეს. ისინი ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის მხარის ინფორმაციით, მათ შორს 30 ბავშვია.

28 ოქტომბერს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში და დამატებითი ძალა შეიყვანა. ისრაელის მედიის თანახმად, სახმელეთო შენაერთების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფების განადგურება წარმოადგენს და ისინი ამ ამოცანის შესასრულებლად, კოორდინირებულად მიიწევენ წინ, სიღრმისკენ. პარალელურად, ისრაელის თვითმფრინავები ჰაერიდანაც უტევენ ღაზის სექტორს.

"ჰამასი" განაგრძობს ისრაელის ქალაქების დაბომბვას და პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლი არ შეწყდება "ჰამასის" საბოლოო განადგურებამდე.

XS
SM
MD
LG