Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში გაათავისუფლეს მძევალი ქალი


ღაზა, 2023 წლის ოქტომბერი
ღაზა, 2023 წლის ოქტომბერი

ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფონზე მოხერხდა ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე ქალის გათავისუფლება მძევლობიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა 7 ოქტომბრიდან, პალესტინური რადიკალური ჯგუფის, "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ.

საქმე ეხება სახმელეთო ომის პირობებში პირველ გათავისუფლებულ მძევალს და პირველ გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს. მანამდე "ჰამასმა" გაათავისუფლა ოთხი ქალი, სამოქალაქო პირები.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, გათავისუფლებული ქალი, ორი მეგიდიში, თავს კარგად გრძნობს და უკვე შეხვდა თავისი ოჯახის წევრებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველაფერი კეთდება სხვა მძევლების გასათავისუფლებლადაც - მათი რაოდენობა 230-ს აჭარბებს, უმრავლესობა სამოქალაქო პირია.

მძევლის გათავისუფლების ოპერაციის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.

მანამდე, 30 ოქტომბერს, "ჰამასმა" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სამი მძევალი ქალი ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პალესტინელი მსჯავრდადებულები, მათი მძევლებზე გაცვლის მიზნით. უცნობია, როდის ან სად არის ვიდეო გადაღებული. ისრაელის ხელისუფლებამ ვიდეოს გამოქვეყნებას უწოდა "სასტიკი პროპაგანდა".

ისრაელი აცხადებს, რომ 1400-მდე ადამიანი მოკლეს 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მხრიდან ისრაელზე თავდასხმის დროს. "ჰამასის" მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს, ძირითადად, ღაზის საზღვართან ახლოს მცხოვრები ადამიანები და მათ ღაზაში, უცნობ ადგილებში ამყოფებენ.

თავდასხმაზე პასუხად ისრაელი ღაზის სექტორზე ახორციელებს საჰაერო დარტყმებს და რამდენიმე დღის წინ დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც, რომელიც, როგორც აფასებენ, ჯერჯერობით შეზღუდული მასშტაბისაა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხრიდან ინტენსიურ დაბომბვას შეეწირა 8300-ზე მეტი პალესტინელი, აქედან 3450-ზე მეტი ბავშვი.

XS
SM
MD
LG