Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ისრაელის მისიის თანამშრომლები „ჰამასის“ დაგმობამდე „ყვითელი ვარსკვლავით“ ივლიან


ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში გილად ერდანი უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 2023 წლის 30 ოქტომბერი
ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში გილად ერდანი უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 2023 წლის 30 ოქტომბერი

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა უშიშროების საბჭო გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ გმობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას. ელჩმა ერდანმა და გაეროში ისრაელის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ატარონ „ყვითელი ვარსკვლავი“, წარწერით: „აღარასდროს“ და ამ ფორმით ყველას შეახსენონ ჰოლოკოსტი. ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს სხვებისგან „ყვითელი ვარსკვლავით“ არჩევდნენ.

30 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გილად ერდანმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ბოლო 80 წელიწადში ვერაფერი ისწავლა და დაივიწყა, რისთვის არსებობს გაერო, ამიტომ, როცა „ყვითელი ვარსკვლავით“ დაინახავენ, გაახსენდებათ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი. ისრაელის ელჩის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები „ყვითელ ვარსკვლავს“ არ მოიხსნიან, სანამ გაეროს უშიშროების საბჭო არ გამოფხიზლდება და „ჰამასს“ არ დაგმობს.

ბოლო დღეებში, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავდა ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის სხვადასხვა პროექტს, მათ შორის რუსეთის მიერ ინიციირებულს, რომელშიც არ იყო დაგმობილი ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმა. ამის გამო, ისრაელის მოკავშირე სახელმწიფოებმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი თქვეს.

30 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭო უმოქმედობაში დაადანაშაულა პალესტინელთა წარმომადგენელმა რიად ალ-მალიკიმაც. მას საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსი აქვს „ჰამასის“ მეტოქე ადმინისტრაციაში, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში უკვე 3500 ბავშვია დაღუპული, 2,3 მილიონი პალესტინელი ყოველდღიურად სიკვდილის საფრთხის წინაშეა, უმეტესობა უსახლკაროდ დარჩა და მუდმივად უწევს დროებითი თავშესაფრის შეცვლაც, თუმცა ღაზაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს.

ალ-მალიკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, შეასრულოს თავისი მოვალეობა - მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პალესტინელთა წარმომადგენელმა საბჭოს მოუწოდა, გაეროს გენერალურ ასამბლეას მიბაძოს და დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი ჰუმანიტარულ ზავს.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

XS
SM
MD
LG