Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი: "სტარლინკის" ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომია

ილონ მასკი, SpaceX-ის დამაარსებელი
ილონ მასკი, SpaceX-ის დამაარსებელი

SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ საქართველოში "სტარლინკის" მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში) გაავრცელა.

"სტარლინკი საქართველოში ხელმისაწვდომია", - წერია მის გამოქვეყნებულ ტვიტში.

ინფორმაცია გავრცელდა "სტარლინკის" ოფიციალური გვერდითაც, სადაც მითითებულია ლინკი, რომელზე გადასვლითაც შესაძლებელია მომსახურების ფასების დადგენა.

კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სერვისით ვერ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

"სტარლინკმა" საქართველოში ინტერნეტის გავრცელების უფლება 2022 წლის 14 ივლისს მიიღო.

"Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - წერდა კომუნიკაციების კომისია "სტარლინკისთვის" ავტორიზაციის მინიჭების დროს.

"სტარლინკი" 30-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს სატელიტური ინტერნეტით. მათ შორის, აშშ-ს, კანადასა და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას. ინტერნეტის სიჩქარე, სავარაუდოდ, წამში 50–150 მეგაბიტს შორის მერყეობს.

ინტერნეტკავშირის დასამყარებლად აუცილებელია „სტარლინკის“ სატელიტური თეფში და როუტერი. ინტერნეტს მიიღებს თეფში, თუ ის დგას ღია ცის ქვეშ - მოწყობილობა უძლებს ძლიერ წვიმას, ყინვასა და სიცხეს.

სერვისი სწრაფია, მაგრამ იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე საშუალო ე.წ. სახლის ინტერნეტი საქართველოში. "სტარლინკის" ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მომსახურებაზე ყოველთვიური გადასახადი 160 ლარია, მოწყობილობა კი დამატებით (ერთჯერადად) 1780 ლარი ჯდება. იგივე ტარიფებია გათვალისწინებული რეგიონებშიც.

XS
SM
MD
LG