Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე


გიორგი ტატუაშვილი, დმანისის ყოფილი მერი
გიორგი ტატუაშვილი, დმანისის ყოფილი მერი

დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ისროლეს. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

„ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, 2020-2021 წლებში და ახლაც. გასროლა იყო, მაგრამ მანქანას მოხვდა და არ გაატარა. ხუთი გასროლა იყო, დმანისში მივდიოდი თბილისიდან. უკან „კუდი" მყავდა და მივხვდი, რაც უნდა მომხდარიყო. [თავდამსხმელები] წესით, „ქართული ოცნების" ზონდერები უნდა იყვნენ", - უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას" ტატუაშვილმა.

ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ავტომანქანას საბურავი აქვს გახვრეტილი, ხოლო ერთი ტყვია გაჭედილია მძღოლის სავარძელში, რომელზეც თავად იჯდა. „ვიდეორეგისტრატორზე ჩანს, ყველაფერი დაფიქსირებულია", - თქვა მან და დაამატა, რომ თავდამსხმელებს პოლიციამ გზა გადაუღობა, თუმცა არ დაემორჩილნენ და სვლა განაგრძეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის აგრეთვე იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში.

გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. თავდასხმას ისიც ტატუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. „დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა", - აღნიშნავს ის.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ თავდასხმის ორგანიზატორებად კონკრეტული პირები დაასახელა.

„ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი არიან ამ კრიმინალური დაჯგუფების „ბოსები", რომლებიც 2020 წელსა და 2021 წელს, იგივე კრიმინალური მოქმედებებით აკეთებდა რუსული პარტიის საქმეს.

ეს ბანდ-ფორმირება, როგორც ჩანს, იწყებს მოქმედებას 2024 წლისთვის და ახმოვანებს რუსული პარტიის მთავარ „მესიჯს" - დაგსჯით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ და არ ეგუებით რუსულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას.

ქვემო ქართლში, გუშინ, თავს დაესხნენ ჩვენს საკრებულოს წევრს და დღეს იგივე, ქვემო ქართლში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს. ქმნიან ნიუსებს, ამბავს ადამიანების სიცოცხლის ფასად და აფრთხილებენ დანარჩენ საქართველოს", - ვკითხულობთ ხაბეიშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG