Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს აშშ-ში ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი კაცი


საერთაშორისო ძებნილი კაცის დაკავების კადრი
საერთაშორისო ძებნილი კაცის დაკავების კადრი

საქართველოში დააკავეს კაცი, რომელმაც აშშ-ში მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კაცი სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

დაკავებულს ბრალად ედება ტეხასის შტატში არასრულწლოვნის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. გარდა ამისა, მას გამოძიება ედავება ლუიზიანის შტატში შვიდ ბრალდებას: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის შემთხვევას (5000$-დან 25000$-მდე).

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა, მასზე საერთაშორისო ძებნა კი 27 ივლისიდან გამოცხადდა.

"ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნავენ უწყებაში.

XS
SM
MD
LG