Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ნობელის პრემიის ლაურეატს უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე


ნარგეს მოჰამადი
ნარგეს მოჰამადი

ირანის ხელისუფლება უარს ამბობს უფლებადამცველისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაზე ჰიჯაბის ტარებაზე მისი უარის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სპარსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა მოჰამადის ქმარმა თაგი რაჰმანიმ.

მისი თქმით, ციხის თანამშრომლებმა უგულებელყვეს ციხის ექიმის განკარგულება, სასწრაფოდ გადაეყვანათ იგი სამოქალაქო საავადმყოფოში სამკურნალოდ. ექიმმა, რომელმაც გასინჯა მოჰამადი, აღმოაჩინა „ფილტვის კრიტიკული წნევა და არტერიის ცუდი მდგომარეობა“.

1 ნოემბერს მოჰამადის ოჯახი იტყობინებოდა მჯდომარე გაფიცვის შესახებ, რომელიც ევინის ციხეში მოაწყვეს მან და სხვა პატიმრებმა იმის გასაპროტესტებლად, რომ მას უარი უთხრეს კარდიოლოგიურ საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ნარგეს მოჰამადის 2023 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ყველა პირის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის“.

ის წლების განმავლობაში არ ეთანხმებოდა წესს, რომლის მიხედვითაც, ირანელი ქალები ვალდებული არიან ატარონ ჰიჯაბი, ასევე ეწინააღმდეგებოდა ირანში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააკავა, ხუთჯერ გაასამართლა, საერთო ჯამში მას მიესაჯა როზგის 154 დარტყმა და 31 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მისი მეუღლის თქმით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიამ გაზარდა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოჰამადიზე ზეწოლა. ამასთან, ზოგნი ბრალდების საფუძვლად მის განცხადებებს მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG