Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული” გმობს ისრაელზე თავდასხმას და მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზებს


„დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტოკიოში. 2023 წლის 8 ნოემბერი
„დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტოკიოში. 2023 წლის 8 ნოემბერი

„დიდი შვიდეულის”(G7) წევრი სახელმწიფოები გმობენ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას, ადასტურებენ ისრაელის თავდაცვის უფლებას და მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების გასაძლიერებლად. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და დიდი ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს, გამოქვეყნდა ტოკიოში მათი მოლაპარაკების შედეგად.

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაიცვას საკუთარი ხალხი და აღკვეთოს „ჰამასის“ თავდასხმის გამეორება.

„დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჰუმანიტარულ პაუზებს, რაც ხელს შეუწყობს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დახმარებას, უსაფრთხო ადგილებში გადასვლას და მძევლების გათავისუფლებას.

„დიდი შვიდეული“ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზად ასახელებს ორი სახელმწიფოს თანაარსებობის კონცეფციას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელელებს და პალესტინელებს აქვთ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდად ცხოვრების ერთნაირი უფლება. საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ანტისემიტიზმის და ისლამოფობიის ნებისმიერ ფორმას.

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება შეიცავს მოწოდებასაც ირანისადმი, თავი შეიკავოს „ჰამასის“ დახმარებისა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯებისგან, მათ შორის ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისგან.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10300-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG