Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ანტისემიტური არეულობებიდან კვირა-ნახევრის შემდეგ დაღესტნის ეროვნული პოლიტიკის მინისტრი დააჯილდოვა


ენრიკ მუსლიმოვი, დაღესტნის ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა მინისტრი
ენრიკ მუსლიმოვი, დაღესტნის ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა დაღესტნის ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა მინისტრი ენრიკ მუსლიმოვი. შესაბამისი განკარგულება საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ მუსლიმოვმა აღნიშნული ჯილდო "შრომითი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის" მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა დაღესტნელი მინისტრი დააჯილდოვა კვირა-ნახევარში მას შემდეგ, რაც დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ანტისემიტურად განწყობილი ბრბო აეროპორტში შეიჭრა "ისრაელელი ლტოლვილების" საძებნელად. იმ საღამოს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუსლიმოვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ კამილ საიდოვთან ერთად, აეროპორტში მივიდა და ხალხთან მოლაპარაკებები გამართა.

  • 29 ოქტომბერს რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის, დაღესტნის დედაქალაქში, ანტისემიტური აქციის ათასზე მეტმა მონაწილემ მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა. ისინი ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან გამოფრენილ თვითმფრინავს ელოდნენ.
  • დემონსტრანტებმა აეროპორტში მიიტანეს პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით.
  • „ბავშვების მკვლელებს არაფერი ესაქმებათ დაღესტანში“, - ეწერა ერთ-ერთ ბანერზე.
  • ძალადობრივი აქციის მონაწილეები რეგიონიდან ებრაელების განდევნას ითხოვდნენ.
  • მათ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის ინფრასტრუქტურაც დააზიანეს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები.
  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობის თანახმად, 60 ადამიანი დააკავეს, ჯამში კი „150-ზე მეტი მონაწილე ამოიცნეს“ და „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“. ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობაში დაახლოებით 1200 ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG