Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის მიზანი არ არის ღაზის სექტორის ოკუპაცია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის მიზნების მიღწევის შემდეგ ღაზის სექტორის ოკუპირებას არ აპირებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 ნოემბერს განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

როგორც ნეთანიაჰუმ თქვა, ისრაელი არ ისწრაფვის ღაზის სექტორის ოკუპაციისა და მართვისკენ და მისი მიზანია უკეთესი მომავალი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ პალესტინელებისთვისაც, ამისთვის კი აუცილებელია „ჰამასზე“ გამარჯვება და მისი სრულად განადგურება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თანახმად, ღაზის სექტორს თავისი მთავრობა უნდა ჰყავდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა აღკვეთოს 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა და საიმედო ძალებით შეძლოს ღაზაში შესვლა და საფრთხის განეიტრალება.

7 ნოემბერს ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „გაურკვეველი პერიოდით“ ისრაელი აიღებს „საერთო პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე“, რადგან როცა ეს არ ხდება, შედეგად იწვევს „ჰამასის ტერორის წარმოუდგენელი მასშტაბის აფეთქებას“.

ამ განცხადებამ ისრაელის მოკავშირე აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია. თეთრი სახლის პოზიციაა, რომ ღაზის სექტორის ხელახალი ოკუპაცია არ უნდა მოხდეს და რეგიონი პალესტინელებმა უნდა მართონ.

ისრაელმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყარა 1967 წელს, ე.წ. ექვსდღიანი ომის შედეგად. ისრაელის არმიამ რეგიონი 2005 წელს დატოვა.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10800-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

XS
SM
MD
LG