Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა


უკრაინა, დონეცკის ოლქი. 13 ნოემბერი, 2023 წელი
უკრაინა, დონეცკის ოლქი. 13 ნოემბერი, 2023 წელი

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მოხალისის დატყვევების შესახებ.

რუსული მედიის ცნობით, ტყვედ არიან აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისედ მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე.

რუსული მედია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს, ავრცელებს მათი დაკითხვის ვიდეოსაც. ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. გოგლიძეს შუბლთან მცირედი დაზიანებაც ეტყობა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუსული მედიის მიერ დასახელებული საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ორი დამოუკიდებელი წყარო ინტერნაციონალური ლეგიონიდან.

მათ შორის ერთი წყაროს ცნობით, გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ტყვედ დონეცკის რეგიონში ჩავარდნენ. მეორე წყაროს ინფორმაციით კი ისინი ტყვედ ორი დღის წინ აიყვანეს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია, ინფორმირებულია თუ არა უწყება საქართველოს ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ.

უკრაინის ომის განმავლობაში, ეს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის დატყვევების შესახებ ღია წყაროებში გავრცელებული პირველი ინფორმაციაა.

მანამდე ცნობილი იყო ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის, ნოდარ ბახტურიძის უკრაინაში ტყვეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG