Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WFP: ღაზის სექტორის მოსახლეობა სრული შიმშილის ზღვარზეა


საილუსტრაციო ფოტო. საკვების მისაღებად რიგში მდგომი ბავშვები და ქალები ღაზის სექტორის სამხრეთში
საილუსტრაციო ფოტო. საკვების მისაღებად რიგში მდგომი ბავშვები და ქალები ღაზის სექტორის სამხრეთში

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა(WFP) მოითხოვს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების გაფართოებას. მისი ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ღაზაში შედის მოსახლეობისთვის საჭირო სურსათის მხოლოდ 10% და რეგიონში საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის მწვავე დეფიციტია. WFP აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორში პრაქტიკულად, აღარ არის სასმელი წყლის მარაგიც და ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა სრული შიმშილის ზღვარზეა.

ამჟამად ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება მხოლოდ ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტით. გაეროს სასურსათო პროგრამა ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს სხვა უსაფრთხო დერეფნის გახსნასაც. ღაზის სექტორი მეორე მხრიდან ესაზღვრება ისრაელს, რომელმაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გამშვები პუნქტი დაკეტა და ღაზის სექტორს ბლოკადა გამოუცხადა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემებით, 21 ოქტომბრიდან, როცა ეგვიპტის მხრიდან რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა, ღაზის სექტორში შესული 1129 სატვირთო ავტომანქანიდან მხოლოდ 447-მა ჩაიტანა საკვები პროდუქტები.

16 ნოემბერს ღაზის სექტორში ისევ გაითიშა მობილური და სტაციონარული სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი. გაეროს სააგენტომ პალესტინელი დევნილების საკითხებში განაცხადა, რომ საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის გამო, პარასკევს, 17 ნოემბერს, შეუძლებელი იქნება რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მართვა და კოორდინაცია.

16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ არმია აკონტროლებს მთელ ტერიტორიას ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით ქალაქ ღაზაში და სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადიან. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს შეტევას სამხრეთზე, სადაც ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ასეულობით ათასი პალესტინელიც იმყოფება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთისკენ ისრაელის არმიის გადაადგილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც უკიდურესად რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

XS
SM
MD
LG