Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს სამართალდამცავებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან


საპროტესტო აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან.
საპროტესტო აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სადაც რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა მისი რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, დაკავებულია მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ასევე მოძრაობის წევრები გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე.

მათივე ცნობით, დაკავებულია მოძრაობა "ხმის" წევრი გიორგი ხასაია.*

აქციის მონაწილეებს კარვის გაშლა სურდათ სამინისტროს ეზოში, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც სცადეს.

ამ წუთებში, გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.

ამჯერად პროტესტი თბილისში გადმოდის და საპროტესტო კარვის გაშლას აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ცდილობენ.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.

ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, ჯერჯერობით ცხადი არაა.

„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.

*მასალაში შეტანილია ცვლილება. მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო ონლაინ-მედიის "პუბლიკის" ჟურნალისტიც, თუმცა, "პუბლიკა" ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG