Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში გაიწვევენ სტუდენტსა და სასულიერო პირს ჯარში - ცვლილებები თავდაცვის კოდექსში


სამხედრო გაწვევის გადავადების წესში ცვლილებებია
სამხედრო გაწვევის გადავადების წესში ცვლილებებია

ერთი თვის წინ მიღებული თავდაცვის კოდექსი იცვლება. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესს შეცვლის. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. 

რა იცვლება სტუდენტებისთვის?

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებთ, თუ ხართ სტუდენტი, მაგრამ დისტანციურად სწავლობთ. ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ. დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონი ასეთ სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გასავლელად მათთვის ოპტიმალურ ფორმას შესთავაზებს, მაგალითად:

  • რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა;
  • სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა - 4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე;
  • სამხედრო სამსახურის სახეებიდან, რომელიც 6-, 8- და 11-თვიანია, ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა;

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს სამხედრო მოსამსახურეს სწავლაში. სტუდენტები სამხედრო ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით ისარგებლებენ. უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი.

სტუდენტებთან დაკავშირებით ჩანაწერს დაემატა სიტყვა - „აქტიური“, ანუ გადავადების უფლებით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომელთა სტატუსიც სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, აქტიურია.

ბუნდოვანია, წავლენ თუ არა ჯარში ისინი, ვინც მაგისტრატურაზე მეორედ ჩააბარეს. ახალი ცვლილებები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კითხვის ნიშანი წესით მაშინ მოიხსნება, როცა კანონპროექტის ავტორები საკომიტეტო მოსმენებზე დამატებით განმარტებებს გააკეთებენ.

წახვალთ ჯარში, თუ სასულიერო პირი ხართ?

ან კი, ან არა - მთავარია, რას გადაწყვეტს თავდაცვის სამინისტრო, ანუ დაგიჯერებთ თუ არა.

ახალი თავდაცვის კოდექსით, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძველი აღარაა. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა უწევთ. ამ საკითხს, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს.

მოქმედი წესით:

მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაიწვევა:

  • პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურის გავლაზე;
  • სასულიერო პირი.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) არსებობს.

მოქმედი კანონით, იმ პირებმა, რომლებიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ, პროცედურა უნდა დაიცვან:

  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა მიმართონ გამწვევ კომისიას განცხადებით, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა სურთ;
  • განცხადებას გამწვევი კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად სახელმწიფო კომისიას უგზავნის;
  • უარის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, საქმე სასამართლოში წაიღოს. განხილვის დასრულებამდე მისი საკითხი შეჩერებულია, ანუ ჯარში არ გაიწვევენ.

შეაჩერებთ გაწვევას, თუ სასამართლოში იჩივლებთ?

ცვლილებების ახალი პაკეტით სასამართლო სარჩელი პროცესს ვეღარ აჩერებს. ანუ თუ, მაგალითად, პარტია „გირჩის“ „მღვდელმსახური” ხართ და სახელმწიფო კომისიამ უარი გითხრათ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე და თქვენ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებთ, ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ჯარში მაინც მიჰყავხართ, თანაც სავალდებულო ყაზარმულზე.

საქმის სასამართლოში წასაღებად 15 სამუშაო დღეა განსაზღვრული. სასამართლო 5 დღის ვადაში წყვეტს მიიღოს, თუ არა სარჩელი განსახილველად. ამის შემდეგ, შესაბამისმა ინსტანციამ გადაწყვეტილება 15 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს.

რის მიხედვით იღებს კომისია გადაწყვეტილებას, მსჯელობს ის კონკრეტული პირის რელიგიის ნამდვილობაზე, ან იმაზე, განმცხადებელი ტყუის თუ არა? - ამ კითხვებს საკანონმდებლო ჩანაწერები ვერ პასუხობს. მხოლოდ ისაა ნათელი, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად იქნება დამუშავებული. შესაბამისად, ცვლილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონშიც შედის.

თუმცა, კომისია რომ თქვენი რწმენის ნამდვილობას შეაფასებს, ეს პროცედურაშია ნაგულისხმევი.

მაგალითად, თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირი ხართ, მოქმედი კანონით სამხედრო სამსახურის გავლა არ გეკუთვნით. შესაბამისად, მიმართავთ სპეციალურ კომისიას, რომ არასამხედრო სამსახურში გაგიწვიოთ. კომისია მსჯელობს და გეუბნებათ უარს - ანუ ამბობს, რომ სასულიერო პირი არ ხართ. გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებთ, თუმცა აღსრულებაზე გავლენას ვერ ახდენთ, ანუ თავდაცვის სამინისტროს ჯარში მაინც მიჰყავხართ. ცალკე კითხვის ნიშანს აჩენს ის, თუ რაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ.

„გირჩში“ ამბობენ, რომ „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ ბრძოლის გამო მთავრობა გეგმავს ცვლილებებს, რომელიც დისკრიმინაციულია და რწმენის თავისუფლებას აზიანებს.

იაგო ხვიჩია, "გირჩის" დეპუტატი
იაგო ხვიჩია, "გირჩის" დეპუტატი

„ჩნდება ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წყვეტს, ვინ არის ბუდისტი, ვინ არის ქრისტიანი. ამ კანონით კომისიას ევალება გაარკვიოს, ვინ არის ნამდვილად რელიგიური. სახელმწიფოს ეძლევა ფუნქცია დაადგინოს, რა არის ნამდვილი რელიგიური ორგანიზაცია. სასამართლოც გადააყოლეს ამ თავდაცვის კოდექსს, განათლების სისტემაც და წესრიგიც. ეს ყველაფერი კეთდება "გირჩის" საწინააღმდეგოდ, Let’s play ვნახოთ, ვინ მოიგებს”, - ამბობს დეპუტატი იაგო ხვიჩია.

"გირჩში" გვეუბნებიან, რომ თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამწვევ კომისიას 150-მა "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელთმსახურმა მიმართა. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელიან. "ბიბლიური თავისუფლების" დაარსებიდან, ანუ 2017 წლიდან დღემდე კი სავალდებულო სამხედრო სამსახური 50 000-მდე პირმა გადაივადა.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტან ბაჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ კომისიის წევრები სასულიერო პირებს რელიგიაზე კითხვას ლოჯისტიკური მიზნებით უსვამენ.

"პირის აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის გრაფის შევსებას ერთადერთი ლოგისტიკური მიზანი აქვს, რომ რელიგიური აღმსარებლობიდან გამომდინარე მათი კვებითი რეჟიმი დაიგეგმოს. სხვა არანაირი მიზანი ამას არ აქვს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთანაც თავსებადია", - ამბობს ბაჩიაშვილი.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს დეპუტატი თეონა აქუბარდია.

თეონა აქუბარდია, დეპუტატი
თეონა აქუბარდია, დეპუტატი

"ახალი ცვლილებით, სასამართლოში გასაჩივრება არ დაიცავს მოქალაქეს ჯარისგან, შესაბამისად, დაჩქარებული წესით განხილვისთვის განსაზღვრული მცირე დრო არასაკმარისია. ჩვეულებრივი წესით განვიხილოთ. ეს დაგვეხმარება მთავარი პრობლემები, რაც ამ კანონს აქვს, ნაკლები რისკებით გავიაროთ", - ამბობს თეონა აქუბარდია.

მოწოდების მიუხედავად, ბიუროს გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში დაჩქარებულად განიხილება. ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მომდევნო კვირის ბოლოს უკვე დამტკიცებული იქნება.

XS
SM
MD
LG