Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე, 50 ჟურნალისტი დაიღუპა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებიდან


პალესტინელი ჟურნალისტი თავისი კოლეგის, მოჰამედ სობოჰის დამცავი ჟილეტით. სობოჰი და ორი სხვა ჟურნალისტი ღაზაში დაიღუპნენ, როდესაც ისრაელის რაკეტა მოხვდა შენობას, რომლის წინაც ისინი მუშაობდნენ. ქალაქი ღაზა, 10 ოქტომბერი, 2023.
პალესტინელი ჟურნალისტი თავისი კოლეგის, მოჰამედ სობოჰის დამცავი ჟილეტით. სობოჰი და ორი სხვა ჟურნალისტი ღაზაში დაიღუპნენ, როდესაც ისრაელის რაკეტა მოხვდა შენობას, რომლის წინაც ისინი მუშაობდნენ. ქალაქი ღაზა, 10 ოქტომბერი, 2023.

სულ მცირე, 50 ჟურნალისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ომი დაიწყო პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ. „ჰამასი“ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, დაღუპულთაგან 45 იყო პალესტინელი რეპორტიორი, ოთხი - ისრაელელი და ერთი - ლიბანელი. მედიის სამი თანამშრომელი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 11 დაიჭრა, 18 კი დაკავებულია.

სად მუშაობდნენ მოკლული და დაჭრილი ჟურნალისტები, არ იტყობინებიან.

ორგანიზაციის ცნობით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებიდან მოკიდებული, ჟურნალისტებზე თავდასხმები გახშირდა, დაფიქსირდა მედიის მიმართ მუქარის რაოდენობის ზრდა და ცენზურის გამკაცრება.

ერთი თვის წინ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი იტყობინებოდა 22 ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ. მაშინვე რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის BBC, Al Jazeera, RT Arabic, Al-Araby TV და სხვები ჩიოდნენ, რომ ისრაელის მხარე დაბრკოლებებს უქმნის ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მოვლენების გაშუქებას. გარდა ამისა, როგორც ისრაელელი, ასევე პალესტინელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ განიცდიან დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG