Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზბეგის მერი უარყოფს, რომ „კამარა ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეს სცემა


ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი
ბაკურ ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი

ინფორმაციას, რომელიც გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა „ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის", ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. მან უარყო, რომ სცემა მოქალაქეს, რომელიც მდინარე თერგზე „კამარა ჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგება. ამასთან, მერი აცხადებს, რომ არ ლობირებს კერძო კომპანიებს და არც მოქალაქეებზე ახდენს ზეწოლას.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი - სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან, - აღნიშნა ავსაჯანიშვილმა და დაამატა, - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად".

„ახალგაზრდულმა კოალიციამ ხევის თვითმმართველობისთვის" სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 21 ნოემბერს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე სოფელ არშაში მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება „კამარა ჰესს“ და ეს დამოკიდებულება სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა".

როგორც საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზბეგის მერი აქტიურად ლობირებს „კამარა ჰესის“ პროექტს და მისი დავალებით ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.

„დავრწმუნდით, რომ სიმართლეა ის ისტორიები, რომელსაც ადგილობრივები აქამდე პირად საუბარში ჰყვებოდნენ, თუ როგორ აიძულებს მერი „კამარა ჰესის“ მხარდაჭერას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება", - აცხადებს „ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის". ის ხევის მოსახლეობას მიმართავს, დაესწროს „კამარა ჰესის“ საჯარო განხილვებს, რომლებიც 27-28 ნოემბერსაა დანიშნული. ინციდენტის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გამოაქვეყნა.

მოქალაქის შესაძლო ცემის საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„კამარა ჰესის" პროექტი მდინარე თერგზე
„კამარა ჰესის" პროექტი მდინარე თერგზე

რაც შეეხება სადავოდ ქცეულ „კამარა ჰესის" პროექტს (ჰესის მშენებლობას აპროტესტებს ხევის მოსახლეობის ნაწილი), საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეგიდით შექმნილი სსიპ-ის, "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს" მონაცემებით, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე იქნება 16.62 მგვტ. ის გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 77.75 მლნ კვტ სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას. 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ. ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 0.52%-ის.

მოძრაობა „გადავარჩინოთ თერგის ხეობა" აცხადებს, რომ „კამარა ჰესის" სათავო ნაგებობის განთავსება დაგეგმილია სოფელ ყანობთან, სადაც თერგი შეგუბდება და მილების საშუალებით გაივლის თერგის ჭალას; გორისციხის ხიდთან კი მოეწყობა სათავე ნაგებობა, აშენდება ჰესის შენობა და განთავსდება გენერატორები. ელექტროგადამცემი ხაზები გადაივლის სოფლის თავზე და დაუერთდება უკვე არსებულ ხაზებს.

ის რამდენიმე საკითხს გამოყოფს:

  1. თერგი კალაპოტს მოშორდება და მილების ტყვეობაში აღმოჩნდება 5 კილომეტრზე მეტ მანძილზე;
  2. აღნიშნულ 5 კილომეტრზე რამდენიმე ღვარცოფული ხევია. მათ შორის, სოფელ ხურთისსა და წითლოვანას შორის და ფხელშე-გორისციხეს შორის ჩამომავალი, რომლებსაც ახასიათებთ პერიოდული ღვარცოფული პროცესები;
  3. სოფელთან ასეთ სიახლოვეს განთავსებული ჰესის შენობა ნიშნავს გენერატორების მუდმივ ხმაურს;
  4. ჰესის ნაგებობები და მილები გაივლის მდინარე თერგის ჭალას, რაც ეჭვქვეშ აყენებს ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას, მდინარის ხასიათიდან გამომდინარე;
  5. აღნიშნული პროექტი ემსახურება კერძო პირების ფინანსურ კეთილდღეობას, რასაც შეეწირება მდინარე, როგორც ხეობის მთავარი ღირსება და მოხევეთა განმსაზღვრელი ელემენტი, ასევე ხეობის სილამაზე და მოსახლეობის უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG