Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა მას მერე, რაც ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი


ილონ მასკი. პარიზი. 16 ივნისი, 2023 წელი
ილონ მასკი. პარიზი. 16 ივნისი, 2023 წელი
სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა.
ის შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ეწვია ღაზის სექტორის მოსაზღვრე კიბუც კფარ-აზას, რომელზეც 7 ოქტომბერს თავდასხმა განხორციელდა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მხრიდან.
სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანან ნეთანიაჰუ და მასკი ჯავშანჟილეტებით და ათვალიერებენ თავდასხმის არეალს. მასკი გაესაუბრა ასევე მძევლების ნათესავებს.
„ნამოქმედარი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა“, - დაწერა მასკმა X-ში.
მას დაგეგმილი ჰქონდა ასევე შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სამხედრო კაბინეტის მეთაურთან, ბენი განცთან.
Bloomberg-ის ცნობით, მასკი ისრაელის მთავრობას მოელაპარაკება კოსმოსური კავშირის ქსელის, Starlink-ის სამხედროების მიერ გამოყენებაზე. მილიარდერმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თანამგზავრს შესთავაზებდა ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ღაზის სექტორში მყოფთ. ამან ისრაელის მოხელეების კრიტიკა გამოიწვია.
ისრაელში მასკის სტუმრობა მოჰყვა მისთვის ანტისემიტიზმის დაბრალებას. ბრალდების მიზეზი იყო X-ის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ებრაული საზოგადოებრიობა „თეთრი ადამიანების“ მიმართ იმავე ტიპის სიძულვილს აღვივებს, როგორიც მას სურს, რომ მის მიმართ შეწყდეს. ამ მოსაზრებას მასკი დაეთანხმა. ამის შემდეგ მასკთან თანამშრომლობა შეწყვიტეს რეკლამის მიმწოდებელმა ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple, Walt Disney, IBM-ი, Sony Pictures-ი და სხვები. საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ X-ის გზით მიღებული შემოსავლის ნაწილს გააგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით ისრაელსა და ღაზაში.
XS
SM
MD
LG