Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ასიათასობით ადამიანი სიბნელესა და სიცივეში დარჩა ძლიერი ქარიშხლის გამო


ქარიშხლის მიერ წაქცეული ხეები სევასტოპოლში. 27 ნოემბერი, 2023 წელი
ქარიშხლის მიერ წაქცეული ხეები სევასტოპოლში. 27 ნოემბერი, 2023 წელი

ქარბუქმა, თოვლმა და ძლიერმა ქარმა ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა.

შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს მოჰყვა თოვა, რომელმაც მოსკოვის ჩრდილოეთამდე მიაღწია და რომელსაც რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმა უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რაც კი ყოფილა ნოემბრის ბოლოს".

უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი და რუმინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ქარიშხლის შედეგად, რომელმაც თითქმის მილიონი ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. "რია ნოვოსტის" 27 ნოემბრის ცნობით, ქარიშხლის გამო დაღუპულთა რიცხვი რუსეთის კრასნოდარის რეგიონსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ოთხამდე გაიზარდა.

მიხაილ რაზვოჟაევმა, სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ქალაქის ზოგიერთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს, სამი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს დაზიანებებით. მისივე თქმით, 354 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ ბევრი სხვა - ბუნებრივი აირის გარეშე.

სევასტოპოლის აკვარიუმ-მუზეუმის ცნობით, ქარიშხალმა კომპლექსს გადაუარა, რის გამოც დაიხოცა შიგნით მყოფი დაახლოებით 800 ცხოველი.

ოფიციალური პირები იტყობინებიან ერთი ადამიანის დაღუპვაზე ყირიმში, სადაც 27 ნოემბერს ძალაში რჩება გაფრთხილება ქარიშხალზე. დაღუპვის კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ცნობა "ტელეგრამის" არხებით გავრცელდა, მაგრამ არ არის დადასტურებული.

XS
SM
MD
LG