Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებობს „სიტუაციური დისკუსია“ და არა კონფლიქტი - პოდოლიაკი


მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინაში შიდა პოლიტიკური კონფლიქტებით მხოლოდ კრემლია დაინტერესებული.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინაში შიდა პოლიტიკური კონფლიქტებით მხოლოდ კრემლია დაინტერესებული.

უკრაინის ხელმძღვანელობაში არის "სიტუაციური დისკუსიები" და არა - კონფლიქტი, უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური ელიტების პოზიცია კონსოლიდირებულია. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის ურთიერთობების სავარაუდო გაუარესებაზე იყო საუბარი.

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კომუნიკაციაშია ბატონ ზალუჟნისთან. რა თქმა უნდა, არის სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გარკვეული საუბრების გამართვა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეტევითი ოპერაციები, რა კორექტირებაა საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ესა ურთიერთობა ყოველდღიურად სამუშაო ფორმატში", - განაცხადა პოდოლიაკმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში საუბრის დროს.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინაში შიდა პოლიტიკური კონფლიქტებით მხოლოდ კრემლია დაინტერესებული. ამასთან, მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლის, მარიანა ბეზუჰლას მიერ გენერალ ზალუჟნის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე.

„ვერხოვნა რადის“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიანა ბეზუჰლამ, 26-27 ნოემბერს რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომლებშიც ამტკიცებს, რომ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. „ვერც - დიდი, ვერც - პატარა, ვერც - ასიმეტრიული და ვერც - სიმეტრიული(გეგმა)“, - წერდა ამ დღეებში მარიანა ბეზუჰლა, რომლის შეფასება სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.

ამის შემდეგ დეპუტატმა ქალმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი შეტყობინება, რომელშიც აღნიშნავდა: "მთავარსარდალ N1–ის (იგულისხმება ვალერი ზალუჟნი. რედ.) წესია, ნებისმიერ არასასიამოვნო სიტუაციაში ყველაფერი პრეზიდენტის ოფისს გადააბრალოს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ბეზუგლაიას ამ განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „უდავოდ არსებობს“ ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რაც შეთანხმებულია სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და მიმდინარეობს მისი კორექტირება სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება მარიანა ბეზუჰლას განცხადებას, რომ უნდა გადადგეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა, პოდოლიაკის თქმით, პრეზიდენტის ოფისი „არ ახდენს დეპუტატების გამოსვლების მოდერირებას“.

XS
SM
MD
LG