Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომები დაიხურა


ასიმ ასლანოვის სასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში. 30 ნოემბერი, 2023 წელი
ასიმ ასლანოვის სასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში. 30 ნოემბერი, 2023 წელი

დღეს, 30 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის, ასიმ ასლანოვის, საქმეზე. პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა დააზუსტეს ტექნიკური საკითხები არსებითი განხილვისთვის და იმსჯელეს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა, მოსამართლე თამარ კაპანაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად, შინაარსობრივ დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დღევანდელი პროცესი ეხებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობას და ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.

დაკავებულის ადვოკატმა ლევან მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ ასლანოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვის გარდა, საქმეზე დაკავებული არიან მისი ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი.

დააკავეს ასევე მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა - ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან, სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.

მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებენ. ესენია მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომლიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 150-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასიმ ასლანოვს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG