Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს ზოგიერთმა დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა


სერგეი ლავროვი სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე
სერგეი ლავროვი სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე

30 ნოემბერს სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს იმ განცხადების გაკეთებისთანავე, რომლის შემდეგაც სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა.

სხდომაზე ლავროვმა თქვა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა". რუსმა მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი დაადანაშაულა იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმს ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს".

ლავროვმა გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის მიერ გატარებული სახელმწიფო ენის პოლიტიკის გამოც და დაადანაშაულა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რომ არ შეამჩნიეს "უკრაინის ძირითადი კანონის ბოროტად გამოყენება".

ლავროვმა თავის სიტყვაში ასევე თქვა, რომ ეუთო, სავარაუდოდ, "უფსკრულის ზღვარზეა" და რომ დასავლეთი "კლავს ჯგუფის აღდგენის შანსებს".

ლავროვის შემდეგ გამოსულმა სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს, 30 ნოემბერს, დაიწყო ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ნატოს წევრი ჩრდილოეთი მაკედონია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.

რუსული სააგენტოების თანახმად, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას განიხილავს კარგ შესაძლებლობად, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.

ბორელი იმყოფება სკოპიეში, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მასპინძლობს ეუთოს მინისტერიალს.

ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG