Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი აცხადებს, რომ არ დათანხმდება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას


გერგელ გულიაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გერგელ გულიაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის არც ერთ წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ბლოკში გაწევრიანების შესახებ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელ გულიაშმა ბუდაპეშტში 30 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ კიევთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევი იქნება და უნგრეთი არ დათანხმდება დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს ამ საკითხზე დისკუსიების დაწყებას.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ევროკავშირში უკრაინის მომავალი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში წინსვლას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მისი ქვეყანა შეიძლება გახდეს კიევის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება.

ევროკომისიამ გაყინა ბლოკის პოსტპანდემიური ეკონომიკური სტიმულირების პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა კორუფციის შესახებ შეშფოთებისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის პრინციპიდან გადახვევის გამო.

ორბანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა "არ მიიღებს" ევროკავშირის ზეწოლას, რომ უნგრეთისთვის თანხების გამოყოფის სანაცვლოდ მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობის განაცხადს.

ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს აცნობა, რომ დეკემბრის სამიტზე აპირებს უკრაინისთვის გამიზნული დახმარებისა და ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხის დაბლოკვას. თუმცა გაფართოების საკითხზე ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება, რომელიც ევროპულ საბჭოში უნდა განიხილონ, მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. სწორედ ეს დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, მოლდოვასა თუ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და მათი აღსრულების გზებს.

XS
SM
MD
LG